saqarTvelos kuTxeebi da terotoriuli mowyoba  
  
 
 
 
 


guriis mxare

საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე, ისტორიული ეგრისის ნაწილი. დასახლებულია, ძირითადად, გურულებით. გურიის ისტორიული ცენტრია ქალაქი ოზურგეთი.

გურია ადმინისტრაციულად 3 მუნიციპალიტეტად იყოფა:

ozurgeTis municipaliteti lanCxuTis municipaliteti Coxatauris municipaliteti

geografia

ისტორიულად იგი შემოსაზღვრული იყო ჩრდილოეთით რიონით, რომელიც ჰყოფდა სამეგრელოსგან, სამხრეთით ჭოროხით, სამხრეთ-აღმოსავლეთით ჭოროხ-აჭარისწყლის შესართავიდან მესხეთის ქედის გაყოლებით აჭარას ესაზღვრებოდა, აღმოსავლეთიდან ესაზღვრებოდა იმერეთი, ხოლო დასავლეთიდან შავი ზღვა. სამხრეთ-აღმოსავლეთით გურიას მცირე მონაკვეთზე ესაზღვრება ასევე სამცხე.

ვახუშტი ბატონიშვილი გურიას ასე აგვიღწერს:

„ხოლო გურია არა წილი ეგროსისა არს, არამედ ქართლოსისა, გარნა ოდეს გამეფდა ლეონ აფხაზთა, მაშინ ამათ არღარა ინებეს მორჩილება ოძრახოს ერისთავისა, რომელნი იყვნენ ძენი სტეფანოზ ბაგრატიონისანი, ადარნასე და ძე მისი აშოტ ამათგან განდგნენ და მიერთმნენ ლეონს, ვითარცა სახელი აცხადებს: „გურიობით განდგომილნი“, და ენა მათი, რომელსა უბნობენ - მესხური და არა იმერთაებრ. არამედ მზღვრის ამ გურიას: აღმოსავლით მთა ფარსათი, სამცხე-გურიას შორისი და საჯავახოს შორისი; სამჴრით - ჭოროხის მდინარე და მთა მცირე ფარსათიდამ ჩამოსული დასავლით, აჭარა-გურიას შორისი, ჩრდილოთ - რიონი, გურია-ოდიშს შორისი, და დასავლით - შავი ზღვა. ხოლო რიონის თვალზედ, სამჴრეთის კიდესა ზედა, არს ფოთის ციხე, რომელი აღაშენეს ოსმალთა წელსა ჩღკე, ქართულსა უიგ (413), ნავსადგურობისათვის. და დგანან მუნ მჯდომარის ფაშით. აქ ერთვის რიონს მცირე მდინარე, და ამ ფოთის აღმოსავლით, რიონის კიდესა ზედა არს ლანჩქუთი. ამ ლანჩქუთის სამჴრით წარმოვალს მთა საჯავახოს მთიდამ დასავლეთად, და სადაცა დასწყდების მთა ესე, არს ამ მთის მაღალსა თხემსა ზედა ეკლესია ჯუმათს, დიდი გუნბათიანი, დიდ-შენი, მჭვრეტი ზღვისა და გურია-ოდიშისა. არამედ ზამთარ არს გაუძლისი და ზაფხულ საამო მშვენი, კეთილ ჰაოვანი. ზის ეპისკოპოზი, მწყემსი სუფსეის მდინარისა და რიონს შორისის ადგილთა. და არს მთა ესე ჯუმათისა ტყიანი, შენობა-დაბნებიანი, ვენახ-ხილ-მოსავლიანი და ნადირ-ფრინველიანი. კვალად ფოთის სამჴრით, ზღვის კიდეზე, არს ტბა პალიასტომისა, დიდი. ამ ტბიდამ შესდის ზღვას მდინარე ამისივე. აქიდამ შემოვლენან ნავნი და დგებიან ტბასა შინა განსუენებისათვის. იპყრობის თევზნი სხვა და სხვანი მას შინა ურიცხვნი. ამას იტყვიან ნაქალაქევს და შემდგომად მოცულსა წყლისაგან. კუალად ამ ტბისა და ჯუმათის მთის სამხრით დის მდინარე სუფსეი, გამომდინარე სამცხე-გურიის შუას მთისა, მომდინარე ბახვის-წყლამდე ჩდილოს და დასავლეთს შუა, ბახვის-წყლიდამ ზღვამდე - აღმოსავლიდამ დასავლეთად და მიერთვის ზღვას აღმოსავლიდამ. არს მდინარე კარგი და თევზიანი. ბახვის-წყლის შესართავს ზეით არს ციხე ბერიძისა. სამჴრითკენ, მას ზეით ჴეობა სურები, ვენახ-ხილიანი, მოსავლიანი. მოსაჴლენი მჴნენი. სუფსეის სამჴრით და ბაილეთის ჩდილოთ არს გურიანთას ციხე კლდე-გორასა ზედა შენი. ამის სამჴრით დის აკეთ-ბაილეთის წყალი. გამოსდის სურების მთას, მიერთვის ზღვას აღმოსავლიდამ. ამ მთის ძირში არს ციხე ასკანისა. ამისვე სამჴრით, მთის ძირში არს შემოქმედი, ეკლესია დიდ-შენი, გუნბათიანი, შემკული ყოვლითა. იყო ესე საარქიმანდრიტო, აწ არს საეპისკოპოზო. ზის ეფისკოპოზი, მწყემსი მას ქვეითის გურიისა. აქა დის მცირე მდინარე, გამოსდის სურებსა და ხინოს შუას მთას და დის გრეხით, მიერთვის ხინოს-წყალს ჩდილოდამ. ამ წყალზედ, შემოქმედს ქვეით, არს ოზურგეთი, სასახლე დიდ-შენი, კეთილ პალატოვანი, გურიელისა. აქავ სახლობენ ვაჭარნი სომეხ-ურიანი და ვაჭრობენ. ამ ოზურგეთის სამჴრით დის მდინარე ხინოსი, გამომდინარე აჭარა-გურიის მთისა. მოდის აღმოსავალ-სამჴრეთს შუადამ, ჩრდილო-დასავლეთს შუა ლეხურის ციხემდე. მერმე დის აღმოსავლიდამ დასავლეთად, მიერთვის ზღვას აღმოსავლიდამ. ამ მდინარესა და შემოქმედს შუა არს ციხე ლეხურისა, მთის ძირს. და მას ზეით მთაში, ამ წყალზედ ჴეობა ხინოსი არს მაგარი და მთებრი, არამედ ვენახ ხილიანი და მოსავლიანი. აქა ხინოს არს ეკლესია გუნბათიანი კეთილ დიდ-შენი, კარგ ადგილს, ზის ეპისკოპოზი, მწყემსი ხინოსწყლის სამჴრეთისა ჭოროხამდე. არამედ გურია იყო სრულიად ქუთათლის სამწყსო, ხოლო შემდგომად განყოფისა სამეფოთა, გურიელთაგან დაიდგინნენ სამნივე ესე ეპისკოპოზნი თჳსისა დიდებისათვის. ამ ხინოს მდინარის სამჴრით, მთის ძირს არს აჭვს ციხე კარგი. და ხინოს მდინარის შესართავთან ზღვაზედ არს ალამბარი, სასახლი, შენი გურიელთა, ფრიად შუენიერს ადგილს. კვალად ალამბარისა და აჭვის სამჴრით დის მდინარე ქობულეთისა. გამოსდის ხინო-აჭარის მთასა, მოდის დასავლით, მიერთის ზღვასაეგრეთვე. ზღვის პირს, ამ წყალზედ არს ქობულეთი, მცირე ქალაქსავით და ნავსადგური ფრიად კეთილი. ამის სამჴრით დის ჩაქვის-წყალი. გამოსდის აჭარის მთას, მოდის დასავლით, ერთვის ზღვას სხვებრთაებრ. ამ წყალზე, ზღვის კიდეს, არს ციხე ქაჯეთისა, მაღალი, მაღალს კლდესა ზედა ნაშენი. აქუს გვირაბი კლდე გამოკვეთილი გზად. ამას ზეით არს ამ წყალზე ჩაქვი. და ამ ჩაქვის სამჴრით დის ჭოროხის მდინარე. ზღვის შესართავზედ და ჭოროხის ჩრდილოთ კიდურზედ არს ბათომი, მცირე ქალაქი და ციხე კარგი. აწ უპყრავთ ოსმალთა. ამას ზეით, ჭოროხის ჩრდილოსავე კიდესა ზედა, არს ერგე, და ბათომის პირისპირს ჭოროხის სამჴრეთის კიდეზე არს გონია, მცირე ქალაქი და ციხე. უპყრავთ ოსმალთა, რომელი აღაშენეს ქორონიკონსა ჩფმზ, ქართულსა სლე (235). ხოლო სიგრძე გურიისა არს სამცხის მთის თხემიდამ ზღვამდე და განი - ჭოროხიდან რიონამდე. ჰავით არს კეთილი და მშვენი, ზაფხულის ცხელი, წვიმიანი, სოელი, ნოტიო. ზამთარი თბილი, დიდ-თოვლიანი, ვიტარცა იმერეთი, და უყივნო, მთა-გორიანი, აგარაკიანი, ტყიანი და მცირე ველოვანი. ნაყოფიერებენ ყოველნი მარცვალი. კვალად აბრეშუმი, ბანბა არ ეგდენ. ცხოვარნი მცირედ. სხვა პირუტყვნი, თჳნიერ აქლემისა, ჯოგად, მროწლედ, მრავალნი და მძოვარნი ზამთარ-ზაფხულს უმწყემსოთ. ფრინველნი მრავალნი, ხილნი მრავალნი. და ბათომს, გონიას და ერგეს ნარინჯი, თურინჯი, ლიმო, ზეთისხილი, ბროწეული მრავალი და ზღვის კიდესაცა. ვენახნი მაღლარნი, ღვინო კეთილი, მსუბუქი და შემრგო, გემოიან სუნიანი მრავლად. არამედ მდინარეთა წოდებანი არღარა დავსწერეთ, ვინათგან თჳსავე სახელი აუწყებენ დაბებთაგან... განა გურიელს ეპყრა ოდესმე აჭარა, ჭანეთი, არამედ არს სამცხისა. ამისთვის მუნვე დავსწერეთ. ხოლო კაცნი და ქალნი მზგავსნი იმერთა ზნითა, ქცევითა, სარწმუნოებითა, რჯულითა, სამწყსონი აფხაზეთის კათალიკოზისანი, შემოსილნი ეგრეთვე შვენიერებითაცა, არამედ უმეტეს კეკელანი და რბილი, ენა ტკბილმოუბარენი, უმეტეს წიგნის სიტყვით მესხთაებრ, არამედ ქართულისავე ენისანი და არა სხვისა. ბრძოლასა შინა შემართულნი, უქურდალნი, უავაზაკონი, სტუმრის მოყვარენი და კეთილად შემწყნარენი, კეთილ მგალობელ-მწიგნობარნი, მშვიდნი, არამედ მყის გულ-წყნარნი.“

იქედან გამომდინარე, რომ ძველად მდინარე რიონი ფოთის ციხის გარშემო ქმნიდა ე. წ. „რიონის თვალს“, რომლის ერთი განტოტება ჩადიოდა პალიასტომის ტბაში რომლის ძველი ნაპირები დღესაც შეიმჩნევა, ისევე როგორც მასში ჩამდინარე მდინარის ძარღვი, ამდენად შესაძლებელია იმის ვარაუდი რომ ისტორიული გურია მოიცავდა ამჟამინდელი ოზურგეთის, ლანჩხუთის, ჩოხატაურის და ქობულეთის მუნიციპალიტეტების ტერიტორიას, ასევე, ნაწილობრივ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიას.

გურია სამ რეგიონად იყოფოდა: ზემო გურია (ტერიტორია მდინარეებს რიონსა და სუფსას შორის), ქვემო გურია (მხარე ჭოროხსა და ჩოლოქს შორის) და შუა გურია (ტერიტორია ჩოლოქსა და სუფსას შორის). შესაბამისად, არსებობდა სამი საეპისკოპოსო: ჯუმათის (ზემო გურია), შემოქმედის (შუა გურია) და ხინოწმინდის (ქვემო გურია).

etimologia

პირველად სიტყვა გურია ისტორიულ წყაროებში იხსენიება VIII საუკუნეში (735-738 წწ), მურვან ყრუს ლაშქრობის დროს. როგორც მემატიანე წერს, „მურვან-ყრუმ გაიარა გზა გურიისა“.

ტოპონიმ გურიის წარმოშობის შესახებ საბოლოო და დაზუსტებული მოსაზრება არ არსებობს. თედო სახოკიას მოსაზრებით, გურია შესაძლებელია გულს ნიშნავდეს (მეგრულად გური ნიშნავს გულს). გეოგრაფიულად გურია დასავლეთ საქართველოს შუაგულში მდებარეობს.

არსებობს სხვა მოსაზრებებიც, რომლის თანახმადაც გურია არის ძველი წელთაღრიცხვის VIII საუკუნეში ურარტუს ისტორიულ წყაროებში მოხსენიებული ქვეყანა გურიანა. სიტყვა „გურია“ იმავე მწერლებს რამდენიმე ადგილას აქვთ მოხსენიებული, მაგრამ არა თემად, არამედ ქალაქად.

ნიკოლოზ ბერძენიშვილის მოსაზრებით გურია შესაძლებელია წარმოდგებოდეს რომელიმე დასახლებული პუნქტიდან. ბერძენიშვილს ასეთად მიაჩნია სოფელი გურიანთა. მარი ბროსეს აზრით, გურია შესაძლოა მომდინარეობდეს ცეცხლთაყვანისმცემელთა ერთ-ერთი სახელწოდებისაგან „გუარე“. ნიკო მარის აზრით გურია  მზის შვილს აღნიშნავს. მეგრულ-ლაზურზე „გურ“ მზეს ნიშნავს, ხოლო „ია“ ანუ „უა“ - შვილს, ვაჟს. ნიკო მარი იმასაც აღნიშანვდა, რომ „ეგერიც“ (ეგრისი) ამავე ძირის მქონე ტერმინიაო.

ტოპონიმის წარმოშობის შესახებ არსებობს ლეგენდა, თითქოს ინდოეთის მეფე შედათმა, მოინდომა ედემის გაშენება და ბრძანა მთელი ქვეყნის „გურიები“ (ლამაზები) ერთად შეეკრიბათ და მისთვის მიეყვანათ. ერთად შეკრებილი მთელი ქვეყნის „გურიები“ ინდოეთში მიემგზავრებოდნენ და დღევანდელი გურიის მიწაზე იყვნენ როდესაც შედათის სიკვდილის შესახებ შეიტყვეს. მათ გადაწყვიტეს, აქვე დასახლებულიყვნენ.

ვახუშტი ბატონიშვილი სხვანაირად აგვიღწერს სახელწოდება გურიის წარმოშობას:

„ხოლო გურია არა წილი ეგროსისა არს, არამედ ქართლოსისა, გარნა ოდეს გამეფდა ლეონ აფხაზთა, მაშინ ამათ არღარა ინებეს მორჩილება ოძრახოს ერისთავისა, რომელნი იყვნენ ძენი სტეფანოზ ბაგრატიონისანი, ადარნასე და ძე მისი აშოტ ამათგან განდგნენ და მიერთმნენ ლეონს, ვითარცა სახელი აცხადებს: „გურიობით განდგომილნი“.

სულხან-საბა ორბელიანი სიტყვა „გურიაობას“ განმარტავს შემდეგნაირად:

"გურიობა - მიდევნება არევით, თუ მიდევნება ოგურთა (ოგური - პირუტყვნი მეგობარ(ნ)ი).“

მარი ბროსეს აზრით გურიელის სახელი 14 საუკუნიდან გვხვდება ტრაპიზონულ გუჯარში, ე. ი. 100 წლის წინათ გურიის გაცალკევებამდეო. ბროსე ფიქრობს, რომ ეს სახელი, შეიძლება, ზოროასტრის სარწმუნოების აღმსარებელთაგან გუებრებისაგან წარმოდგაო, რომელთაც გურია (guare) ერქვათო. ამათ VI საუკუნეში რამდენიმე ხანს ეპყრათ გურია, როცა მეფე იუსტინიანესა და ხოსროს შორის ომი იყი ლაზისტანის გამო, რომლის ნაწილსაც მაშინ გურია შეადგენდა.

Tanamedroveoba

1990 წლის შემდეგ კატასტროფულად დაეცა გურიის ეკონომიკა. განადგურდა რეგიონის წამყვანი დარგი მეჩაიეობა, შემცირდა ციტრუსების წარმოება და მოსახლეობის რაოდენობა.

mosaxleoba

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1770 30 440 17583 12,857
1826 25 000    
1831 36 700    
1846 46 000    
1860 48 000    
1865 59 502    
1867 55 087 31736 23351
1870 59 080 32011 27069
1874 54 191 29091 25100
1883 62 492    
1884 64 078    
1886 75 794 39817 35977
1888 75 846 39903 35943
1893 80 555 42956 37599
1897 92 212 47018 45194
1902 87 455 45854 41601
1908 93 157    
1910 105 370 54528 50842
1912 106 080 55009 51081
1921 107 105    
1926 113 400    
1939 132 100    
1959 145 900    
1969 149 600    
1979 155 000    
1989 158 100    
2002 143 400 67 036 76 090
2014 113 350 54 660 58 690

1770 წელს გურიის მოსახლეობა საქართველოს (დღევანდელ საზღვრებში) მოსახლეობის საერთო რაოდენობის 4%-ს შეადგენდა. XVIII საუკუნის დამლევს იოჰან გიულდენშტედტის ცნობით გურიაში ქვემო გურიის ჩათვლით 5000 ოჯახი ცხოვრობდა. 1812 წელს მოსახლეობის დიდი ნაწილი ჟამიანობას შეეწირა. 1831 წელს გურია მოინახულა დიუბუა დე მონპერემ, რომლის მონაცემებით გურიის ფართობი 1800 კვ. კმ. და მოსახლეობა 4300 კომლი, 36700 ადამიანი იყო (ოჯახის საშუალო სულადობა 8,5), აქედან ოზურგეთის უბანში 18430 ადამიანი ცხოვრობდა, ნაგომრის უბანში 18 270. მონპერეს მონაცემებით სიმჭიდროვე 20,3 კაცი იყო, უშუალოდ ქალაქ ოზურგეთში კი 300 ადამიანი ცხოვრობდა. გურიის მოსახლეობა 1840-იან წლებში ოზურგეთის მაზრის დაარსების დროისთვის იყო 46 ათასი ადამიანი. 1860 წელს გურიის მოსახლეობა დაახლოებით 48 ათასი იყო. 1870-იან წლებში მაზრის მოსახლეობა იყო 103 476 ადამიანი (მათ შორის 49142 ქალი და 54334 კაცი). მათგან 7 სომეხი, 14 კათოლიკე სომეხი და 81 მუსლიმი. აღრიცხული იყო თავადის 40 და აზნაურის 229 ოჯახი. სულ 594 სოფელი. 1886 წელს მაზრის მოსახლეობა 76 055 ადამიანი იყო. 1897 წელს გურიის მოსახლეობა იყო 90 326, აქედან 4710 ქალაქ ოზურგეთის. ამ დროს გურიის ტერიტორია იყო 2 259 კმ². მოსახლეობის 95,3% იყო ქართველი, 3,3% - ბერძენი. 50 კომლი რუსი ცხოვრობდა, სულ 211 ადამიანი (117 მამრობითი, 94 მდედრობითი სქესის), აქედან უშუალოდ ქალაქში 20-მდე რუსი ყოფილი ჯარისკაცი ცხოვრობდა. მაზრის მოსახლეობის 98% იყო გლეხობა, რომელიც სასოფლო-სამეურნეო მიწების 40%-ს ფლობდა. 1908 წლისთვის მოსახლეობამ მიაღწია 93157-ს, ხოლო 1911 წლისთვის - 126 ათას ადამიანს.

1921 წლისთვის გურიის მოსახლეობა იყო 107 105, ტერიტორია 2 099,86 კვადრატული კილომეტრი, ოზურგეთი იყო ერთადერთი ქალაქი 5626 მცხოვრებით და ლანჩხუთი ერთადერთი დაბა 2500 მცხოვრებით. საბჭოთა პერიოდში გურიის მოსახლეობა იზრდებოდა, განსაკუთრებით იზრდებოდა მახარაძის რაიონის მოსახლეობა, რადგან ჩაისა და ციტრუსების მრეწველობის განვითარების გამო მუშახელზე მოთხოვნა დიდი იყო. მიუხედავად ამისა, გურიაში მოსახლეობის ზრდა ჩამოუვარდებოდა ქვეყნის საერთო მაჩვენებელს. 1926 წელს გურიას ქვეყნის მოსახლეობაში 4,24%-იანი წილი ეკავა. 2002 წლისთვის კი 3,3%.

2014 წლის აღწერის მონაცემებით გურიის მოსახლეობის რაოდენობა 113 ათასია, რაც საქართველოს მოსახლეობის 3,1%-ს შეადგენს. მოსახლეობის სიმჭიდროვე 1 კვ.კმ–ზე არის 55,7 კაცს. მოსახლეობის 98% ეთნიკურად ქართველია, 1% - სომეხი. ძირითადად ცხოვრობენ გურულები, მოსახლეობის დაახლოებით 10-12% აჭარელია. მოსახლეობის 86% მართლმადიდებელია, 11,4% - მუსლიმი. მხარეში შეინიშნება მოსახლეობის ბუნებრივი ასევე მექანიკური (მიგრაცია) კლება. მხარის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ოზურგეთი. მხარეში 189 დასახლებული პუნქტია, მათ შორის 2 ქალაქი (ოზურგეთი და ლანჩხუთი), 5 დაბა (ჩოხატაური, ურეკი, ნარუჯა, ლაითური, ქვედა ნასაკირალი) და 182 სოფელი. მხარის ურბანიზაციის დონე დაბალია. ქალაქებსა და დაბებში ცხოვრობს მოსახლეობის 28%, ხოლო სოფლებში - 72%. მაღალმთიან დასახლებებს მიეკუთვნება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ერთი სოფელი.

ekonomika

გურიის მეურნეობის ძირითადი დარგები იყო მიწათმოქმედება, მევენახეობა, მეფუტკრეობა და მეაბრეშუმეობა. ღვინო, თაფლი და აბრეშუმის ნაწარმო ექსპორტის საგანს წარმოადგენდა. გურიაში სამეგრელოს მსგავსად მაღლარი ვაზი იყო გავრცელებული. გურიაში მრავალი ჯიშის ვაზი ხარობდა და ღვინო დიდი რაოდენობით გაჰქონდათ. ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით გურიაში „ღვინო კეთილი და შემრგო“ დგებოდა. უცხოელი მოგზაურები გურულ ღვინოს ბურგუნდიულ ღვინოს ადარებდნენ. 1850-იან წლებში გავრცელებულმა ვაზის დაავადებებმა ვენახები თითქმის გაანადგურა. დაავადებების გავრცელებას გურიის ზღვასთან სიახლოვე უწყობდა ხელს. ამის გამო 1870-იანი წლების ბოლოს კი დაავადებებისადმი გამძლე ჰიბრიდის, ადესად“ ცნობილი იზაბელას გაშენება დაიწყო, რომელმაც გურიაში არსებული ადგილობრივი ვაზის ჯიშები ჩაანაცვლა.

გავრცელებული მარცვლეული კულტურები იყო ღომი, რომელიც მოგვიანებით ჩაანაცვლა სიმინდმა, აგრეთვე პარკოსნები: ლობიო, ცერცვი, ხანჭკოლა. თესავდნენ სელს და ბამბას. 1900-იანი წლებიდან მხარის ეკონომიკის მნიშვნელოვან ნაწილად იქცა მეჩაიეობა. 1914 წელს აშენდა ჩაის პირველი გადამამუშავებელი ფაბრიკა. საბჭოთა პერიოდში მეჩაიეობა მონოკულტურად იქცა, რომელმაც მანამდე არსებული ყველა სხვა სასოფლო-სამეურნეო დარგი განდევნა. 1990-იანი წლებიდან მთავარ სასოფლო-სამეურნეო კულტურად იქცა თხილი.

გურიაში მესაქონლეობა დაქვემდებარებულ როლს თამაშობდა, თუმცა საკმაო რაოდენობით იყო ცხენი, ხარ-ძროხა, თხა, კამეჩი, შინაური ფრინველი და განსაკუთრებით მრავლად ჰყავდათ ღორი. იშვიათი იყო ცხვარი კლიმატური თავისებურების გამო. აჭარა-გურიის ქედის კალთები დაფარული იყო ტყეთა ტევრებით და ამ მზარის ეკონომიკურ ცხოვრებაში დიდ როლს ასრულებდა ნადირობა. ნადირობდნენ ირემზე, შველზე, არჩვზე, გარეულ ღორზე, დათვზე.

XVIII საუკუნის ბოლოს და XIX საუკუნის დასაწყისში გურიას სავაჭრო ურთიერთობები ჰქონდა იმერეთთან და ახალციხის საფაშოსთან. გურიის მთისწინა სოფლებში მოსახლეობა მასობრივად ეწეოდა ხელოსნობას, ხის ჭურჭლისა და სხვა ნივთების დამზადებას. 1840-იანი წლებიდან ქალაქ ოზურგეთში ვითარდება მანუფაქტურა, აგურისა და თიხის წარმოება, მეთუნეობა, XIX საუკუნის მეორე ნახევარში მაღალ დონეზე იდგა არყის წარმოება, XIX საუკუნის განმავლობაში მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა ხე-ტყის დამზადებას.

kultura

forklori, simRera

გურიაში ტრადიციული ქართული ხალხური სამხმიანი სიმღერის გარდა მღეროდნენ ოთხხმიან სიმღერა „ნადურსაც“. ერთ-ერთი ხმა კრიმანჭულია. კრიმანჭული გაგრეხილ, დამანჭულ კრინს ნიშნავს. კრინი მამაკაცის ყველაზე მაღალი ხმაა. კრინს ევროპაში ფალტეცი, კრიმანჭულს კი იოდლი შეესაბამება. ხალხური გადმოცემით ამ ხმის არსებობას ბავშვებს უნდა ვუმადლოდეთ: თითქოსადა შებინდებისას უდაბურ ადგილას მარტო წასული ბავშვები თავის გასამხნევებლად და ავსულების დასაფრთხობად ასეთ ხმებს გამოსცემდნენ. კრიმანჭულს სამეგრელოსა და იმერეთშიც მღერიან. გურიასა და მთელს დასავლეთ საქართველოში გავრცელეული საკრავია ჩონგური. მას ოთხი სიმი აქვს. სიმები აბრეშუმისაა ამიტომ საკრავი ნაზ ხმას გამოსცემს. ჩონგურის თანხლებით სრულდება სახუმარო, სატრფიალო, შრომის თუ საწესო სიმღერები

cekvebi

ძველი გურული ცეკვებიდან ცნობილია: "ფრანცაკუკუ", "კალმახობა", "ფოთლით ცეკვა", „მოკვლა-გაცოცხლება", „მიმიკით ცეკვა"″, "ფერხული", რომლებიც აღწერილი აქვს ცნობილ ეთნოგრაფს, აპ. წულაძეს, თავის წიგნში "ეთნოგრაფიული გურია". "ფარცაკუკუ", რომელიც ხალხური შემოქმედების ღრმა წიაღიდან ამოიტანა საქართველოს სახალხო არტისტმა, გიორგი სალუქვაძემ, პირველად ნაჩვენები იქნა 1951 წელს. იგი ომში გამარჯვებული მხედრების მასობრივი ცეკვაა. სრულდება ქალებთან ერთად. გურიაში სამსართულიანი „ფარცაკუკუ″ სცოდნიათ. 1954 წელს გიორგი სალუქვაძემ აღადგინა „კალმახური″ (კალმახობა), რომელიც შრომითი ხასიათის, სარიტუალო ცეკვა იყო.

meRvineoba

გურიაში გავრცელებული იყო აბორიგენული ვაზის 50-ზე მეტი ჯიში. მათაგნ განსაკუთრებით ცნობილებია ჩხავერი, საკმიელა, მტევანდიდი, კამური, სხილათუბანი, კაბისტონი, კლარჯული, ჯაინი (ჯანი), მტრედის-ფეხა, ორონა, ჭუმუტა. ოზურგეთის მაზრაში 1901 წელს 10 289 მეღვინე ირიცხებოდა. ვაზის დაავადებით, რომლებიც, 1853 წლიდან მძვინვარებდა, ბევრი ვენახი განადგურდა. XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან ვაზის ტრადიციული ჯიშები თანდათან ოდესადან შეტანილმა „იზაბელამ“ (ე.წ. ადესა) განდევნა. „იზაბელა“ გურიაში თედორე ვორონცოვ-დაშკოვმა 1844-50 წლებში შეიტანა და მისი პირველი ნერგები დაირგო ოზურგეთის ბაღში.

ამჟამად ვაზის ძველი, ადგილობრივი ჯიშები თითქმის დავიწყებულია. დღევანდელ გურიაში გაბატონებულია დაბლარი ცოლიკოური და მაღლარი ადესა. გურიაში აღმოჩენილია ველური ვაზი მორცხულა, რომელსაც წვრილი, შავი მარცვლები და ღია ფერის თხელი, პატარა ფოთოლი აქვს. ის აქა-იქ მოიპოვება სურებისა და ნაბეღლავის ტყეებში. მევენახეობის უძველესი ტრადიციების დასტურია ტოპონიმები ბახვი, რომელის ღვინის ბერძნულ ღვთაება ბახუსს (დიონისე) უკავშირდებდა და ასევე ვაზის გურული ღვთაება აგუნა. გურიაში გავრცელებული იყო მაღლარი ვაზი, რომელიც გაშვებული ჰქონდათ თხმელის ხეებზე. საწნახელს ამზადებდნენ ცაცხვის ხისგან. მას გამოთლიდნენ ტყეში და შემდეგ ხის მორებზე აგორებდნენ შესახილით „ელესა“. ამ რიტუალის გამოძახილია ხალხური სიმღერა ელესა.

ღვინის გარდა, ყურძნის პროდუქტებიდან აღსანიშნავია ძმარი, „ნადუღი ტკბილი“ (ბადაგი), „ჯანჯუხა“ (ჩურჩხელა), ტკბილისკვერი და ფელამუში. ჭაჭისგან თუ შუაღვინოს არ აყენებენ, ხდიან არაყს.გურია, განსაკუთრებით კი მისი მთიანი ნაწილი განთქმულია ე.წ. ,,სანთლის არყით“, რომელსაც თაფლის ფიჭისაგან აკეთებენ. მისგან ხდიან საუკეთესო სურნელის მქონე არაყს. გურიაში განსაკუთრებით ბევრს ხდიან ჭაჭის არაყს. სოფლებში თითქმის ყველა ოჯახში აქვთ საარყე ქვაბები.

ამჟამად გურიაში ღვინოს აწარმოებს კომპანიები „კახური ტრადიციული მეღვინეობა“, „იბერიელი“, „არჩეული 1920“ და რამდენიმე საოჯახო მარანი.

arqiteqtura

გურიაში გავრცელებული საცხოვრისის ძირითადი სახეა ოდა, რომელიც მთელი დასავლეთ საქართველოსთვისაა დამახასიათებელი. ის 3-6 ოთახიანი ფიცრული სახლია ხის იატაკითა და აივნით. ოდის ოთხფერდა სახურავი კრამიტით ან ყავრითაა გადახურული. ნესტიანი ჰავის გამო სახლი ხის ან ქვის ბოძებზეა შეყენებული. ოდას ბუხრით ათბობდნენ. დამხმარე ნაგებობები იყო სამზადი, ნალია და სხვა.

tradiciebi

kalanda

გურიაში ახალ წელს „კალანდას“ ეძახდნენ. იგი წმინდა ბასილი დიდის, ხსენების დღეს ემთხვევა. კალანდის მთავარი ატრიბუტია ჩიჩილაკი, რომელსაც მსხვილი თხილის ჯოხისგან ამზადებენ. ჩიჩლაკი სიცოცხლის ხის ნაირსახეობაა. მას ახალი წლის წინა დღეს თხილის ან იმერული ხეჭრელის ტოტებისაგან ამზადებდნენ და კურკანტელით, მარადმწვანე სუროთი, რიტუალური პურით, ფერადი ბაფთებითა და ხილით რთავდნენ. ჩიჩილაკი ნაყოფიერებისა და ბარაქიანობის მომნიჭებლად ითვლებოდა. ჩიჩილაკს წყალკურთხევამდე ინახავდნენ,შემდეგ კი წვავდნენ ან წყალს ატანდნენ.

კალანდის დადგომამდე ცოტა ხნით ადრე მთელი ოჯახი ფეხზე დგებოდა. მამაკაცები ღორის თავს, საახალწლო კვერს, საახალწლო სანოვაგით დატვირთულ გობს, მორთულ ჩიჩილაკს და ცარიელ ჩაფს აიღებდნენ და მარნისკენ გაეშურებოდნენ. მარანში შესვლისას ოჯახის უფროსი გობს ხმაამოუღებლად დადგამდა მიწაზე, ჩაფს ღვინით გაავსებდა და წმინდა ბასილს ოჯახის ბედნიერებას დაჩოქილი შესთხოვდა. შემდეგ მეკვლე გობიდან კაკალს აიღებდა და წმინდა ბასილს შეეხვეწებოდა, რომ ამ კაკალივით აევსო ოჯახი ყოველივე სიკეთით. კაკალს გატეხდნენ და, თუ ცარიელი აღმოჩნდებოდა, რაც, გურულების რწმენით, უბედურების მომასწავებელი იყო, მეკვლე ხელმეორედ ეხვეწებოდა წმინდანს, რომ ოჯახი ცარიელი კაკლისთვის არ დაემსგავსებინა. ამის შემდეგ პროცესია სახლისკენ გაემართებოდა. მეკვლე კარებზე სამჯერ დააკაკუნებდა შემდეგი სიტყვებით: „კარი გამიღე!“ სახლიდან სამჯერ უპასუხებდნენ: „რა მოგაქვს?“. მეკვლე პასუხად ჩამოუთვლიდა: „მშვიდობა, ღვთის წყალობა, ჯანჯუხა, ხაჭაპური, ტკბილეული..." შემდეგ მას კარებს უღებდნენ და იწყებოდა საახალწლო მილოცვები.

საახალწლო სუფრის აუციელებლი ელემენტია საცივი. საშობაო კვერი ტრადიციული გურული ხაჭაპურია (ღვიძელი). ესაა ნახევარმთვარის ფორმის ხაჭაპური მოხარშული კვერცხით. ხაჭაპურში ჩატანებული კვერცხი ხვავის, ბარაქის, ოჯახის სიმტკიცისა და გაუტეხელობის სიმბოლო იყო. გურული ღვეზელი იყო გათხოვილი ქალის მოკითხვისას მშობლების ძღვენის აუცილებელი შემადგენელი ნაწილი. ნახევარმთვარის ფორმა ძველი გურულების რწმენით ძლიერების სიმბოლო იყო. საშობაო კვერი ცხვებოდა კეცზე, წითლად აელვებულ ნაკვერჩხალზე. მოხარშულ კვერცხებს ორი დღით ადრე შუაცეცხლზე ან ბუხარში შეკიდებდნენ ან ფრცქვნიდნენ, გაფიცხებულ კეცზე დააწყობდნენ და ნაკვერჩხალზე ბრაწავდნენ.

alegro

ოზურგეთში აღინიშნებოდა ქალაქის დღესასწაული „ალეგრო“, რომელიც ოქტომბრის ერთ-ერთ დღეს იმართებოდა. ალეგრო იტალიური სიტყვაა და ნიშნავს „მხიარულად“, მისი წარმოშობა გურიაში მოღვაწე იტალიელ მისიონრებს უკავშირდება, დღესასწაულის დაარსება კი მამია V გურიელის დროიდან ხდება. ალეგრო XIX საუკუნის 80-იანი წლებიდან ტრადიციად იქცა და 1941 წლამდე აღინიშნებოდა. „ალეგრო” , როგორც სახალხო სანახაობა, საქველმოქმედო ხასიათს ატარებდა ეწყობოდა ლატარია, რომლიდან შემოსული თანხაც მთლიანად საზოგადოებრივ-საქველმოქმედო დანიშნულებით იხარჯებოდა. ქალაქის გარდა, „ალეგრო” სოფლებშიც იმართებოდა და განსაკუთრებით განთქმული იყო ბახვის, ლიხაურის, შემოქმედის, კვირიკეთის, ჩოხატაურის „ალეგროები”. ალეგროზე იმაღტებოდა ცეკვები, სახალხო სეირნობები და სხვ. ტრადიცია მეორე მსოფლიოს ომის დაწყების შემდეგ შეწყდა.

sportuli tradiciebi

გურიის სპორტულ ტრადიციათაგან აღსანიშნავია დოღი, ლელობურთი და ბაზიერობა.

ლელოს ტრადიცია სათავეს შუხუთფერდის ბრძოლიდან იღებს. ლელოს გატანის წესები ასეთია: ბურთი იწონის ერთ ფუთს (16 კილოგრამს). ბურთის ტყავი ივსება სილით და ნახერხით. ძველად სანამ ბურთს ბოლომდე მოკერავდნენ, მანამდე აღდგომის წინა ღამეს, ბურთში აგუნას წვენს ასხამდნენ. აგუნა უძველესი წარმართული რიტუალიდან გადმოსული გაქრისტიანებული ღვინის დღესასწაულია. აგუნა შავი ღვინის, თაფლის, ბროწეულის წვენის ნაზავია. გამარჯვებული ის არის, ვინც ლელოს ღელის გადაღმა გადაიტანს თავის მოთამაშეებიანად.

ბაზით ანუ მტაცებელი ფრინველით ნადირობა, როგორც სპორტის სახეობა, გურიაში ძველთაგანვე იყო გავრცელებული. ქორით ნადირობდნენ ხოხობსა და ტყის ქათამზე, იშვიათად იხვზე, მიმინოთი - მწყერზე, ღალღასა და წყლის ფრინველზე ქორსა და მიმინოს ახლაც წვრთნიან (მართავენ). ბაზს იჭერენ სამკუთხედი ფორმის ჩიტბადით გორაკზე (საირაო), სადაც შემოდგომაზე თავს იყრიან გადამფრენი მტაცებელი ფრინველები. ქ. ოზურგეთში სექტემბრის თვეში დაწესებული იყო ბაზიერის დღე. ამჟამად ეს დღე ჩოხატაურში აღინიშნება.

ყოველი წლის 19 აგვისტოს, კურორტ ბახმაროში იმართება ტრადიციული დოღი. დოღის ტრადიცია XX საუკუნის დასაწყისიდან იღებს სათავეს. მასში მონაწილეობას იღებენ საქართველოს სხვადასხვა კუთხეების ცხენოსნები. ამავე დროს იმართება ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა - გაყიდვა.

 

guriis foto galerea
         

 

ადმ. ცენტრი ოზურგეთი
კოორდინატები 41°58`00` ჩ. გ. 42°12`00` ა. გ.
ფართობი 2 033 კმ²
მოსახლეობა 107 100 (2021)
სიმჭიდროვე 55,7 კაცი/კმ²
ეროვნული შემადგენლობა ქართველები - 98,07 %;
სომხები - 1,08 %;
რუსები - 0,50 %;
უკრაინელები - 0,12 %.
რელიგიური შემადგენლობა მართლმადიდებლები - 86,7 %;
მუსლიმები - 11,4 %
სასაათო სარტყელი UTC+4
ოფიციალური საიტი http://www.guria.gov.ge/

 

 

 

guriis RirSesaniSnaobebi
1 ანა კალანდაძის საცხოვრებელი სახლი 4 ეგნატე ნინოშვილის მუზეუმი არჩეულში
2 გორაბერეჟოულის სასახლე 5 კალანდაძეების სახლი
3 დიმიტრი გურიელის სასახლე 6 მგალობლიშვილის კარ-მიდამო

 

1 ბახმაროს პიონერთა ბანაკი 3 გორაბერეჟოულის ბაღი
2 ბახმაროს საცხოვრებელი სახლი 4 შრომის კლუბი

 

1 ასკანის ციხე 4 ლიხაურის ციხე
2 ბუკისციხე 5 ღომის ციხე
3 ვაშნარის ციხე    

 

1 აკეთის მაცხოვარი 13 ლაითურის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია
2 აჯეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია 14 მამულარის ეკლესიის ნანგრევი
3 აჭის წმინდა გიორგის ეკლესია 15 ნათლისმცემლის ეკლესიის ნანგრევი
4 ბაილეთის ეკლესია 16 ოქონის მონასტერი
5 გოგიეთის ნაეკლესიარი 17 პეტრე-პავლეს ნაეკლესიარი
6 გოგორეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია 18 სილაურის ეკლესიის ნანგრევი
7 გურიის უდაბნოს მონასტერი 19 შემოქმედის წმინდა გიორგის ეკლესიის ნანგრევი
8 დვაბზუს ეკლესიები 20 შუბანის წმინდა გიორგის ეკლესია
9 დვბზუს უსახელო ბაზილიკა 21 ჭალის ეკლესია და სამრეკლო
10 ერკეთის ეკლესია 22 ჭანიეთურის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესია
11 ვაკიჯვრის ეკლესია 23 ჯიხეთის მონასტერი, სამება-ჯიხეთის მონასტერი
12 ვანისქედის ეკლესია 24 ზოტის ჯამე (მეჩეთი)

 

guriis gamoqvabulebi
1 ერკეთი 8 უდაბნოს მონასტერი ამაღლება
2 ეშმაკის საყდარი, გაგური 9 შემოქმედი
3 კელკეტერა, კონჭკათი 10 ჩანჩეთი
4 კოკათი 11 ჩოჩხათი
5 ნადასის გორი, გონებისკარი 12 ციხისფერდი
6 ნაკაშიძის გამოქვაბული, ზედუბანი 13 ძიმითი
7 ორაგვე 14 ხორეთი

კურორტები

guriis istoria
გურიის ისტორია ფირალი
გურიის რესპუბლიკა რუსეთის რევოლუცია (1905)
გურიის სამთავრო ბახვის მანიფესტი
გურიის საერისთავო ნასაკირალის ბრძოლა
ოზურგეთის მაზრა